weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება ძალაში 1 თებერვლიდან

13:31 პარასკევი, 22 იანვარი 2021

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე განცხადება გააკეთა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გარკვეულწილად მსუბუქდება 5 დიდ ქალაქში, თუმცა პირველ მარტამდე არ აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა თბილისში.

მაია ცქიტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან რამდენიმე რეგიონში გვაქვს ვითარების შემსუბუქების ნიშნები, გვაქვს საშუალება, წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.

დღეს, საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს, აჭარაში პირველი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. ანუ კვების ობიექტები შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა შეზღუდული რჩება ქორწილები, ნებისმიერი სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის, სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებს.

საბავშო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფ. სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

პირველ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5 საათამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები.

ძალაში რჩება სხვა ყველა შეზღუდვა, მათ შორის, სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები. შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე:

  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
  • კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
  • ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]